წმიდა ნინოს დედათა სავანე მარტვილში
წმ. ნინო წარმოშობით კაბადოკიელი იყო. იგი კეთილშობილ და წარჩინებულ ოჯახს ეკუთვნოდა.
ნინო 12 წლისა იყო, როცა მშობლებმა, ზაბულონმა და სოსანამ, მთელი ქონება გაყიდეს, ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს დაურიგეს. წმიდა ნინო კი ბიძამ, იერუსალიმის პატრიარქმა, აღსაზრდელად ერთ ღვთისმოსავ ქალს, სარა ბეთლემელს, მიაბარა. სწორედ მისგან შეიტყო ნინომ, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
14 წლის ნინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა მის წილხვედრ ჩრდილოეთის ქვეყანაში, ქართლში, სიმხნით და უშიშად ექადაგა ჭეშმარიტება და ამ საქმის ნიშნად და წინამძღვრად გადასცა ჯვარი, რომელიც იქვე ამოსული ვაზის რტოსაგან შექმნა. (ეს ჯვარი ამჟამად თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, ინახება).
ქართლში მოსულმა ნინომ მრავალი სასწაული აღასრულა: შემუსრა კერპები, განკურნა დედოფალი ნანა, რომელმაც ამის შემდეგ ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნა. მალე მეფე მირიანიც მოექცა `სასწაულითა ქრისტესმიერითა~, და სრულიად ქართლის ერმა ნათელიღო მდინარე არაგვში.
წმ. ნინოს ქართველი ერის დიდი მეოხია.
წელიწადზე მეტია, რაც ბრძენმა და ხანდაზმულმა მარტვილის მონასტერმა თავის ფრთებქვეშ წმიდა ნინოს სახელობის ახლად დაარსებული დედათა მონასტერი შეიფარა.
ადგილი, სადაც დღეს ანგელოზისდარი ახალგაზრდა მონაზვნები და მორჩილები ღვთის სადიდებელ ლოცვებს აღავლენენ, თავისი მნიშვნელობით გამორჩეული და განსაკუთრებულია.
სწორედ ამ ეზოში მდებარეობდა დასავლეთ საქართველოს პირველი სასულიერო სასწავლებელი.
მას შემდეგ, რაც შენობა ხანძარმა გაანადგურა, ეზოში ხის ოდა სახლი დაიდგა, მასში მარტვილის მონასტრის ბოლო დიაკვანი, ნიკოლოზ ოსიძე ცხოვრობდა
ცოლ-შვილთან ერთად. ცნობილია, რომ ნიკოლოზი ოსიძემ ეზო ბაღნარად აქცია.
აქ ხარობდა და თავის იწონებდა საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი
განსაკუთრებული ჯიშის ხე-მცენარეები. ამჟამად, მარტვილის ცენტრში არსებული ბაღიც ნიკოლოზი ოსიძის გაშენებულია.
ჩვენი ეპარქია ყოველთვის გამოირჩეოდა ეკლესია-მონასტრების მრავალრიცხოვნებით, მაგრამ არ გვქონდა წმიდა ნინოს სახელობის არცერთი მონასტერი.
მადლობა ღმერთს,
რომ პირველად, სწორედ ამ ისტორიული მნიშვნელობით გამორჩეულ ადგილზე გაიხსნა მისი სახელობის მონასტერი. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა დედები თავდადებით,
სიყვარულით ემსახურებიან მარადიულს. მათმა მოღვაწეობამ უკვე არაერთ ახალგაზრდას გაუღვივა სულიერი ცხოვრების ინტერესი.